თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს
თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, – ამის შესახებ პროკურორმა ვასილ სამხარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

„მოცემულ საქმეზე პროკურატურა უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეზე იშუამდგომლებს პატიმრობას. ამის საფუძვლები არსებობს. ბრალდებულების მიმართ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები. ამოღებულია სხვადასხვა კატეგორიის იარაღები. ამჟამად გამოძიება, რა თქმა უნდა, მუშაობს სხვა ვერსიებზე“, – განაცხადა პროკურორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.