თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულ შვიდ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ
თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულ შვიდ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ

თბილისში, სპეცოპერაციისას დაკავებული უკრაინის ექვსი მოქალაქისა და საქართველოს ერთი მოქალაქის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

როგორც გიორგი როსტომაშვილმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ და ამის შემდეგ ადვოკატებს საქმეზე ყველა დოკუმენტაცია გადაეცემათ.

„შვიდივე დაკავებულის უფლებებს მე და ჩემი კოლეგა ორი ადვოკატი დავიცავთ. დღეს უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა. შესაბამისად, გადმოგვეცემა საქმეზე ყველა დოკუმენტაცია, რაც ამ ეტაპზე გააჩნია გამოძიებას. ამის შემდგომ ალბათ ჩვენი პოზიციები იქნება შეჯერებული და შესაბამისად, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

ჩემი ბრალდებულების განცხადებით, აღნიშნული პირები არიან მართლები და თავიანთ სიმართლეს დაამტკიცებენ შემდეგ ეტაპზე, ეს იქნება სასამართლო თუ გამოძიება“,- განაცხადა გიორგი როსტომაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ლუკა ჩხეტია ზუგდიდში მშობლების მოსანახულებლად წასვლას აპირებდა, ხოლო უკრაინის სამი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას გუშინ გეგმავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.