თბილისში სოციალურად დაუცველი მოხუცების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება
თბილისში სოციალურად დაუცველი მოხუცების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

ჩვენ გამოვნახეთ საშუალება, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი, რათა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის, ებრძვის უხილავ მტერს, რომელსაც „კოვიდ-19“ ჰქვია.

„ამ ყველაფერმა სერიოზული გავლენა იქონია ეკონომიკის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და არც საქართველოა გამონაკლისი, არსებობს პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ, ხვალიდან არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იცით რომ დიდი ქალაქების წერტილოვანი შეზღუდვა არის გადაწყვეტილი, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, ერთმანეთის სიცოცხლის უსაფრთხოებას. მინდა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოგახსენოთ, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მიიღო, ჩვენ გამოვნახეთ საშუალება და გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი, რათა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, რაც ძალიან მნიშნველოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ზუსტად იგივე მიდგომებით ბევრი ოჯახის დახმარება მოხდა.

„ანალოგიურად იქნება ეს პლატფორმა და მომდევნო დღეების განმავლობაში წინასაახალხწლოდ ჩვენ უზრუნველვყოფთ საკვები პროდუქტების მიტანას კონკრეტულად ამ მოხუცებისათვის, რომლებიც ყველაზე მეტად შედიან რისკჯგუფებში და მათ არა აქვთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ და შეიძინონ საკვები პროდუქტები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა მერიის სარეზერვო ფონდიდან და მოხდება ამ პროდუქტების შეძენა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ზარი შემოდის ბიზნესზექტორიდან უკვე და გამოთქვამენ მზადყოფნას ამ პროცესში ჩართულობისთვის, დახმარებისთვის. ჩვენ, როგორც პანდემიის პირველ ეტაპზე, ახლაც ვქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც ყველა ადამიანს, ყველა ბიზნესსექტორის წარმომადგენელს, ვისაც აქვს სურვილი, ჩაერთოს ჩვენს წამოწყებაში, მივცემთ ყველანაირ საშუალებას და შესაძლებლობას. მინდა, მოვუწოდო გამგეობებსა და გამგეობის ყველა თანამშრომელს, ვისაც ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არა აქვთ, წესების სრული დაცვით, დავიწყოთ ამ პროგრამის განხორციელება და მოვახდინოთ საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა იმ ოჯახებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი