თბილისში სკვერებისა და პარკების ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანება 168 მისამართზე დაფიქსირდა
თბილისში სკვერებისა და პარკების ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანება 168 მისამართზე დაფიქსირდა

2020 წელს ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევები 168 მისამართზე აღირიცხა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა ამ მიმართულებით საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რადგან პროცესში მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობა და აქტიურობა მნიშვნელოვანია.

„მოპარული სკამები, განზრახ დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი ხელოვნური მწვანე საფარი და ლითონის ღობე, ხერხით გადაჭრილი სკამი, დამწვარი საბავშვო ატრაქციონები, განადგურებული უსაფრთხოების კამერები და სხვა. ეს არის ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომლებიც ფიქსირდება დედაქალაქში და განსაკუთრებით, ეს ყველაფერი ხდება იმ პარკებსა და სკვერებში, რომლებიც ახლად რეაბილიტირებულია, მოწესრიგებულია და ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. ამ მიმართულებით, მინდა ვთხოვო დახმარება და მხარდაჭერა საზოგადოებას, რადგან არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები პირდაპირ უყურებენ, როგორ ამტვრევს მოზარდი ატრაქციონს, რომელიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ. ვფიქრობ, საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა იმ სივრცეში, რომლის რეაბილიტაციაც ხდება, უსაფრთხოების კამერები იყოს განთავსებული, მაგრამ საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა, უფრო მეტი აქტიურობა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მერიის სამსახურები სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის დამატებითი ღონისძიებების გასატარებლად მზად არიან.

„მე პირადად, და ჩვენი სამსახურები მზად არიან, დამატებითი ღონისძიებები გავატაროთ, რათა ადამიანებს უფრო გასაგებად ავუხსნათ და ახალგაზრდებს უფრო მეტი ვაჩვენოთ, რომ ეს არასწორია და ნამდვილად არაა მისასალმებელი ახლად რეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებში ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის კეთდება. პირიქით – უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახლს. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალური თანადგომა გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით და გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მთავრობის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს გადაეცათ ვიდეომასალა, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ხდება სკვერებსა და პარკებში ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანება.