თბილისში შემოწმებული 51 კვების ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობა 12-ში დაფიქსირდა
თბილისში შემოწმებული 51 კვების ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობა 12-ში დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისისა და რეგიონული სამსახურების ინსპექტირების ჯგუფებმა, 18 სპეციალისტის შემადგენლობით, გასულ კვირას, თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში განთავსებული კვების ობიექტები შეამოწმა.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი 51 ობიექტში განხორციელდა, მათგან კრიტიკული შეუსაბამობა 12 ობიექტში დაფიქსირდა.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ უწყების მიერ განხორციელებული აქტიური შემოწმებებისა და ბიზნესოპერატორებთან ჩატარებული აქტიური სარეკომენდაციო სამუშაოების შედეგად, ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, შარშანდელთან შედარებით, დარღვევები შემცირდა

„აღსანიშნავია, რომ უამრავ ობიექტში, სადაც შარშან შეუსაბამობები დავაფიქსირეთ, ვითარება დღეს რადიკალურად არის შეცვლილი უკეთესობისკენ. დღეისთვის, ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში უამრავი ობიექტია, რომელიც სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვასილ ბასილაძემ.