თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა ერთი ლარი ეღირება
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა ერთი ლარი ეღირება

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა ერთი ლარი ეღირება. აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 50 თეთრი იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, შეიქმნა გადახდის რამდენიმე პაკეტი. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ გადახდის სისტემიდან მათთვის სასურველი.

„ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში, ტარიფი იქნება ერთი ლარი, რომლითაც მგზავრს შეუძლია 90 წუთის განმავლობაში ისარგებლოს მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით ან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საბაგირო ხაზით. ამასთან, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს: სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა“, – განაცხადეს მერიაში.

ამასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტო მგზავრობის სისტემა პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. პირველ თებერვლამდე მეტროს, ავტობუსების, მიკროავტობუსების მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ აბონემენტები.