თბილისში სასაფლაოების მართვის საკითხის მოწესრიგების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება
თბილისში სასაფლაოების მართვის საკითხის მოწესრიგების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება

თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მართვის საკითხის მოწესრიგების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება.

ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით სრული ქაოსია, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

„მინდა, შევეხო ერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობს და ამ მიმართულებით სიტუაციის მოწესრიგება აუცილებლობას წარმოადგენს. თემა ეხება სასაფლაოებს, როგორც მუნიციპალურს, ისე კერძოს. ამ მიმართულებით გვაქვს სრული ქაოსი. ხშირად ხდება შემთხვევები სასაფლაოების მოწყობა-მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა, არანაირი სანქცია არ არსებობს და ასევე, ხდება უკანონოდ მიწების დატაცებები. საფლავებისთვის ხდება კონკრეტული მიწის ნაკვეთების გამოყენება, რომელიც შეიძლება, იყოს კერძო ან მუნიციპალიტეტის საკუთრება. შესაბამისად, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისვე თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება.

„ასევე ხშირია საფლავზე ნაგებობების უნებართვო მოწყობა, უკანონო კონსტრუქციების განთავსების შემთხვევები, ეს ყველაფერი რომ მოვაწესრიგოთ და მოვაგვაროთ, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც ვამზადებთ და უახლოეს მომავალში მოხდება ამ ყველაფრის ინიცირება პარლამენტში, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.