თბილისში საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები გაიხსნა
თბილისში საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები გაიხსნა

თბილისში, საქართველოსა და გერმანიას შორის სამთავრობო მოლაპარაკებები იმართება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს მხარეები განიხილავენ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებსა და პარტნიორობის სამომავლო გეგმებს, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: პროფესიული განათლება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, ასევე მდგრადი ურბანული განვითარება.

მათივე ინფორმაციით, სამთავრობო მოლაპარაკებებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან მონაწილეობენ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

„საქართველოს მხრიდან – ფინანსთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქალაქ ბათუმისა და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების ფარგლებში დაგეგმილია რიგი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ხელმოწერა. წინა სამთავრობო მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც 2019 წელს გაიმართა, გამოყოფილმა თანხამ 188,5 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 53 მილიონი ევრო არის გრანტი. ამას ემატება რეგიონალური თანამშრომლობა, რომლისთვისაც 75,94 მილიონი ევროს გრანტია გამოყოფილი, რომლიდანაც საქართველოს წილი ყველაზე დიდია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ღონისძიება ქვეყანაში დაწესებული რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.