თბილისში „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020“ გაიხსნა
თბილისში „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020“ გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თბილისში „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020“ (Energy Week Georgia 2020) გახსნა.

კვირეულის გახსნის ღონისძიებაში კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა მონაწილეობდნენ.

საქართველოს ენერგეტიკის კვირეული საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმია. მასში 15-ზე მეტი ქვეყნიდან 300 სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის ენერგეტიკული კომპანიები: Total Eren (საფრანგეთი), Acciona Energia (ესპანეთი), NBT AS (ნორვეგია), Çalık Enerji (თურქეთი), Masdar (UAE), Scatec Solar (ნორვეგია), Grupo Cobra (ესპანეთი), GS E&C (კორეა) და სხვა ღონისძიების ორგანიზატორია საკონსულტაციო კომპანია „ინვესთ ინ ნეთვორქ„ (Invest In Network).

კვირეულის ფარგლებში განიხილება საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები, ასევე, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მიმდინარეობა და მსხვილი საინვესტიციო პროექტები.  გარდა ამისა, ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

,,საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020″ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.