თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება
თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმი ორი ქვეყნის მთავრობების ერთობლივი ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ტარდება.

როგორც სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, ფორუმი, რომელიც იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება, ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმის მიზანია, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც ფორუმის ინიციატივის ქვეყნების, იტალიური და ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.

ფორუმის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და იტალიის ეკონომიკის განვითარების მინისტრი მიკელე ჯერაჩი გახსნიან, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ფორუმის მსვლელობისას განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო წარმოება, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ამასთანავე, ბიზნესფორუმის ერთ-ერთი პანელი განათლებასა და სამეცნიერო კვლევებს მიეძღვნება. სამუშაო სესიების შემდეგ, იტალიური და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ასევე ორი ქვეყნის ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები.