თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი იმართება.

ღონისძიების მიზანია ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი კომუნიკაციის დამყარება და საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავება. ფორუმის ფარგლებში ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

ჩეხური მხრიდან წარმოდგენილია 21 კომპანია ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის, სამედიცინო ტურიზმის, მანქანათმშენებლობის სექტორებიდან.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, ნინო ჩიქოვანის თქმით, ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გამართონ მოლაპარაკებები პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, რიგით მეოთხე ბიზნესფორუმი ტარდება საქართველო-ჩეხეთს შორის. 30-მდე წარმომადგენელია ჩეხეთის კერძო სექტორიდან ჩამოსული. სექტორები მრავალფეროვანია, არის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ცენტრები, ენერგეტიკული სექტორი, მანქანათმშენებლობის სექტორი. ზოგიერთ კომპანიას უკვე აქვს საქართველოში ბიზნესის გამოცდილება, მაგალითად, „ენერგოპრო ჯორჯია“, ასევე „შკოდა ელექტრიქსი“. ვფიქრობ, ეს ფორუმი კიდევ ერთ კარგ პლატფორმას შექმნის, რათა ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის დამყარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა ფორუმების შედეგებს რაც შეეხება, როგორც ჩვენ ვიცით, მოლაპარაკებები დაწყებული აქვს 11 ჩეხურ კომპანიას. არის ასევე მცირე ლუდსახარშების პროექტი, რომელიც სავარაუდოდ, მალე დასრულდება. როგორც იცით, ძალიან მალე ვერ ვიღებთ შედეგებს ამ ფორუმებიდან, მთავარია, რომ ეს პლატფორმა შეიქმნას და გაეცნონ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს და შეხვდნენ ფორუმის ფარგლებში პარტნიორებს, რათა დასახონ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები“, – განაცხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

როგორც ბიზნესფორუმზე აღნიშნეს, 2018 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის 35 პროცენტით გაიზარდა და 55.82 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტი 9 პროცენტითაა გაზარდილი და 5.97 მლნ. აშშ დოლარი შეადგინს, ხოლო იმპორტი 39 პროცენტით გაიზარდა და 49.85 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.