თბილისში საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
თბილისში საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, სასტუმრო Courtyard Marriott-ში საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

ბიზნეს-დელეგაცია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მინსკის ბიზნეს-სექტორისა და საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა სექტორულ ქართულ კომპანიებთან და ბელარუსული პროდუქციის გამოფენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 100-მდე ბელარუსული კომპანია. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში პარტნიორების მოძიებით და წარმოადგენენ შემდეგ სექტორებს: კვების მრეწველობა, მანქანა-დანადგარების წარმოება, მშენებლობა, ლოგისტიკა და ტურისტული სააგენტოები.

ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დარეგისტრირდა საქართველოს ბიზნეს-სექტორის 190-მდე წარმომადგენელი.

გარდა გახსნის ღონისძიებისა და ორმხრივი შეხვედრებისა, ფორუმის ფარგლებში ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 29 ხელშეკრულება გაფორმდება, რომელთა საერთო ღირებულებაც 9 მილიონ აშშ დოლარამდეა.