თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 26 ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია. საქართველოდან კი ბიზნესფორუმში 125 კომპანია მონაწილეობს.

ორგანიზატორთა განცხადებით, ბიზნესფორუმი ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას ისახავს მიზნად.

ფორუმის პირველ ნაწილში გაიმართა პრეზენტაციები ავსტრიული და ქართული კომპანიების შესახებ. ამის შემდეგ მონაწილეები ორმხრივი შეხვედრების რეჟიმზე გადავლენ.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, ავსტრიიდან, ძირითადად, ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები არიან ჩამოსულები, მათ შორის განახლებადი ენერგიის, სამშენებლო მასალების, ჰიდროელექტროენერგიის და სხვა სფეროებიდან.

მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში 67 ორმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც ქართულ ბიზნესსექტორს საშუალება ექნება, პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან სექტორების მიხედვით საქმიანი მოლაპარაკებები გამართოს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელოს. ნინო ჩიქოვანი იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრები შედეგიანი იქნება ორივე მხარისთვის.

საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი საქართველოში მეორედ იმართება. მისი ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატა.