თბილისში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.გ. თბილისში დააკავეს.

მას ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 მარტს თბილისში, სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი