თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება.

მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, დამწვარია 1 500 კვ.მ.-მდე ფართობი.

„ხანძარი გაუჩნდა სასაწყობე ფართს, სადაც ინახებოდა შერეული საქონელი, უმეტესად პლასტმასის საქონელი. დამწვარია დაახლოებით 1 500 კვ.მ. თუმცა გადარჩენილია 2 500 კვადრატამდე. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 13 სახანძრო ავტოცისტერნა. მეხანძრე მაშველების დროული და ოპერატიული რეაგორების შემდეგ, მალევე მოხდა ხანძრის ლოკალიზაცია, რამაც აგვარიდა ხანძრის გავრცელება. საბედნიეროდ, დაშავებული არ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია“, – განაცხადა კერესელიძემ.