თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა
თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

თბილისში დღეს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფორუმის 150 წევრი დაესწრო.

კონფერენციის მონაწილეებმა ადგილობრივ დონეზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის გზები განიხილეს. მათ აღნიშნეს, რომ მუნიციპალური სერვისები მეტად უნდა იყოს მორგებული ქალთა საჭიროებებზე, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა სკოლამდელი განათლებისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის გაუმჯობესება, პროფესიული განათლებისა და გადამზადების განვითარება და ქალთა ხელშეწყობა შრომის ბაზარზე წარმატების მიღწევაში.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაცია (MSPA), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ავსტრიის, დანიის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრმა ქალებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ქართველმა და უცხოელმა გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ფორუმის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაზრდისთვის. მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს საქართველოს ქალებს და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველო მიაღწევს გენდერულ თანასწორობას მმართველობის ყველა დონეზე.

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნის რეგიონებში არსებული ეკონომიკური და საგანმანათლებლო შესაძლებლობები და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები. მათ იმსჯელეს პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაზე, სკოლამდელ განათლებაზე და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს დეცენტრალიზაციის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და აღნიშნული ძირეული გარდაქმნის მნიშვნელობაზე მმართველობის ყველა დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.

როგორც ღონისძიების პრესრელიზშია აღნიშნული, ქალების დაბალი წარმომადგენლობა პოლიტიკაში საქართველოს ჯერაც გადაუწყვეტელი პრობლემაა. ქალთა წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობაში 13 პროცენტს არ აღემატება. 64 არჩეული მერიიდან მხოლოდ ერთია ქალი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ოდნავ გაიზარდა ქალი პარლამენტარების რიცხვი, მაგრამ 15 პროცენტს აღნიშნული მონაცემიც არ გასცდენია.

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი, რომელიც 2013 წელს შვედეთის მთავრობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით შეიქმნა, ერთ-ერთი მექანიზმია საქართველოს ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის.

დატოვე კომენტარი