თბილისში, საგურამოსა და ყვარელში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება 
თბილისში, საგურამოსა და ყვარელში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება 

„ილია – ჩვენი თანამედროვე“ – ამ სლოგანით ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებები საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში დღეს 11:00 საათიდან დაიწყება ლიტერატურული კონკურსით თემაზე – „ილია – ჩვენი თანამედროვე“; გურამიშვილების მარანში გაიმართება სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან და ლექცია თემაზე – „ილია და მეღვინეობა“; ხელოვანებისა და პუბლიცისტებისთვის 8 კატეგორიაში გაიცემა ილიას პრემია; მოეწყობა საბავშვო-გასართობი კუთხეები; კინოჩვენება, გამოფენები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა.

საღამოს დაასრულებს მუსიკალური პროექტი „საგურამოს ეზო“, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 8 ნოემბერს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით მოქალაქეებს უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება.

ავტობუსები ვარდების მოედნიდან 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა.

დღესვე, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა – „ილია ჭავჭავაძე – 180“.

ამასთან, 10:00 საათიდან დაიწყება საიუბილეო ღონისძიებები ყვარელში. ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, მუზეუმის დაარსებიდან 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება; ახალგაზრდობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; კახური ტრადიციული კერძებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის დაგემოვნება; ასევე, დაჯილდოვდებიან 2016 -2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები.

8-დან 20 ნოემბრის ჩათვლით თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ლექცია-დისკუსიები გაიმართება.

9 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიდგმება სპექტაკლი „ მგზავრის წერილები“; ხოლო 10 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში -„კაცია-ადამიანი?!“.