თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება, რომელსაც მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება, რომელსაც მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან

თბილისში დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენციას“ მაღალი რანგის დიპლომატები, საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრებიან.

მაღალი რანგის სტუმართა შორის არიან ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი და სხვები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები უსაფრთხოების სფეროში.

ორი დღის განმავლობაში განხილვის მთავარი თემები იქნება საქართველოს პერსპექტივები ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა და ბრძოლა მის მიერ წარმოებული დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, უკრაინის კონფლიქტი, თურქეთი და სამეზობლო, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა, ბრექსიტი და სხვა.