თბილისში საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა გაიხსნა
თბილისში საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა გახსნეს.

როგორც პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა უაღრესად მნიშვნელოვანია შსს-ს ფუნქციონირებისთვის.

„აღნიშნული დეპარტამენტის ახალი შენობა და ის ლაბორატორიები, რაც აქ არის განთავსებული, უაღრესად მნიშვნელოვანია შსს-ს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის და საგამოძიებო კომპონენტის ეფექტურად წარმართვისთვის. ლაბორატორია პასუხობს თანამედროვე მოთხოვნების ყველაზე უახლეს გამოწვევებს. ეს ლაბორატორია ჩვენს პოლიციელებს და გამომძიებლებს აძლევს საშუალებას, ეფექტურად შეასრულონ თავისი მოვალეობა. აქ არის სრულიად თანამედროვე ლაბორატორიები, რომლებიც ჩვენ აქამდე არ გვქონდა, დნმ-ით დაწყებული, ბალისტიკით დამთავრებული და კიდევ ბევრი. მთავარი ის არის, რომ მთელმა გუნდმა ძალიან ეფექტურად იმუშავა და ეს ყველაფერი გაკეთდა ერთ წელში. მინდა შსს-ს თითოეულ პოლიციელსა და კრიმინალისტიკის დეპარტამენტს მივულოცო. ისინი უკვე რამდენიმე დღეა ოპერირებენ ამ შესანიშნავ გარემოში და ვუსურვებ წარმატებებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შენობაში ფუნქციონირებს ახალი აპარატურა და ახალი პროგრამები.

„წარმოიდგინეთ, რომ აქამდე ეს ყველაფერი ამ შენობის 20%-ში იყო განთავსებული, ძალიან ცუდ პირობებში. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დაახლოებით 20 მიმართულება იფუნქციონირებს. დაემატა დნმ-ის კვლევის ჯგუფი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა 21-ე საუკუნეში, ის ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულებაა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში წარსადგენად, რათა დამტკიცდეს დანაშაული. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თანამშრომლებს. ამაზე არ გავჩერდებით და ახალ აპარატურას შემოვიტანთ დამატებით, რათა უფრო წინ წავიდეთ და დავიხვეწოთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.