თბილისში საბერძნეთის ნაკრებს 500-მდე ქომაგი გაამხნევებს - უბილეთოდ დარჩენილმა ქართველებმა ბილეთის შეძენა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციაში სცადეს #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრებს თბილისში, ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში 500-მდე ქომაგი დაუჭერს მხარს – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა gazzetta.gr-ი ავრცელებს.
„საბერძნეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამდე ერთი ნაბიჯი აშორებს – 26 მარტს ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში ელადელები საქართველოს ნაკრებს შეხვდებიან და ეს მატჩში გაარკვევს გერმანიაში წამსვლელი გუნდის ვინაობას. საბერძნეთის ნაკრებისთვის ეს ადვილი მატჩი არ იქნება, რადგან 55-ათასიან სტადიონზე შესასვლელი ყველა ბილეთი ქართველმა გულშემატკივრებმა ექვს საათზე ნაკლებ დროში (!) იყიდეს.
რა თქმა უნდა, ქომაგები საბერძნეთის ნაკრებსაც გაამხნევებენ – „დინამო არენის“ ტრიბუნებზე ეროვნულ ნაკრებს 500-მდე ბერძენი დაუჭერს მხარს.
თავის მხრივ, უბილეთოდ დარჩენილმა ქართველმა გულშემატკივრებმა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს, რომ წარმოშობით ბერძნები იყვნენ და მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა სურდათ, მაგრამ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ იზრუნა, რომ ბილეთები მხოლოდ ბერძენ ქომაგს მიეღო.
თბილისში, საბერძნეთის საელჩოში კი მიღება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, მათ შორის პრეზიდენტი ტაკის ბალტაკოსი“, – წერს ბერძნული გამოცემა.