თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში უშუალოდ სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის, ხოლო ფოთსა და გორში მე-12 კლასის ჩათვლით განახლდება
თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში უშუალოდ სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის, ხოლო ფოთსა და გორში მე-12 კლასის ჩათვლით განახლდება

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში საკლასო ოთახებში სწავლას პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები განაგრძობენ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ფოთსა და გორში საკლასო ოთახებში სწავლას პირველი ოქტომბრიდან ყველა კლასის მოსწავლეები შეძლებენ.

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, აჭარის რეგიონის გარდა, პირველი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, პირველი ოქტომრბიდან საკლასო ოთახში სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში, არამხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.

ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურად გაგრძელდება სწავლა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.