თბილისში „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
თბილისში „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია – „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ გაიხსნა. ორდღიანი კონფერენცია თანამედროვე სამყაროში შრომით შესაძლებლობებს, ამ მიმართულებით არსებულ გლობალურ გამოწვევებს და საქართველოში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას ეძღვნება, როგორიცაა უმუშევრობა.

კონფერენციის მონაწილეებმა ალიანსის წევრი ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პერსპექტივებიც განიხილეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, დღევანდელ კონფერენციაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“.

„ამ გამოწვევებს სჭირდება ერთიანი მიდგომები და ერთიანი გამოსავლის ძიება და ჩვენ, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით საქართველოში ვმასპინძლობთ ღონისძიებას, რომელმაც დაიწყო ამ თემის ფართოდ გაშლა. ჩვენ ვმასპინძლობთ ძალიან ბევრ მაღალი რანგის სტუმარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მიმდინარეობს დისკუსია ძალიან მნიშვნელოვან თემებზე”,- აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის კომპონენტი, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას გულისხმობს, ასევე იმ რეგიონულ გამოწვევებს რაც საქართველოშია და დამახასიათებელია ჩვენი რეგიონისთვის, როგორიცაა მაგალითად რუსეთის აგრესიული ქმედებები რეგიონში. საუბარი ასევე შეეხებოდა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივის მინიჭება საქართველოსთვის, რათა საბოლო ჯამში ეფექტური იყოს რეფორმები.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტმა – სერგეი სტანიშევმა.

კონფერენციაში „პროგრესული ალიანსის“ წევრი 50-ზე მეტი მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმარმა იღებს მონაწილეობას.

ღონისძიებას ალიანსის გამგეობის წევრები, ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელები და წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ასევე საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები ესწრებიან.

კონფერენციასთან ერთად, „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრთა შეხვედრაც გაიმართა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან ერთად მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

„პროგრესული ალიანსი“ მსოფლიოს სოციალისტების, სოციალ-დემოკრატების, ასევე სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომელიც 2013 წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ინიციატივით შეიქმნა. მასში გაერთიანებულია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი, 120-მდე პოლიტიკური პარტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამჟამად ალიანსს თავმჯდომარეობს ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი.

პარტია „ქართული ოცნება“ „პროგრესული ალიანსის“ სრულუფლებიანი წევრია. კონფერენცია 8 სექტემბერს დაიხურება.