თბილისში, პარლამენტთან საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა თემის წარმომადგენლებმა​ აქცია გამართეს
თბილისში, პარლამენტთან საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა თემის წარმომადგენლებმა​ აქცია გამართეს

თბილისში, პარლამენტთან საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა თემის წარმომადგენლებმა​ საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის მონაწილეებმა ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში მიხაილ ავაქიანის ძეგლის აღება მოითხოვეს. მათი თქმით, „ავაქიანი აფხაზეთისა და ყარაბაღის ომში სეპარატისტული მოძრაობის მხარეს იბრძოდა, მისი ძეგლის რესტავრაცია კი სეპარატიზმის გაღვივებას ნიშნავს“.

„ასეთ აქციებს პერმანენტულად ჩავატარებთ, ვიდრე ამ ძეგლს არ აიღებენ. მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა აიღონ ძეგლი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულში დგას ყარაბაღში მებრძოლი აზერბაიჯანელის ძეგლიც, მაგრამ აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ ის აზერბაიჯანელი, ჯალილ საფაროვი იბრძოდა ტერიტორიული მთლიანობისთვის, ავაქიანი კი იყო სეპარატისტი“, – განაცხადა აქციის მონაწილე ბენო კასიმოვმა.

ახალქალაქში, ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელ ბუღაშენში ​ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის რესტავრირებული ვარიანტის პრეზენტაცია 20 იანვარს გაიმართა, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სოფელ ბუღაშენის მოსახლეობის განმარტებით, მიხაილ ავაქიანის მონუმენტი სოფელში ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაიდგა, ხოლო იანვარში ძეგლის გარშემო სკვერი გაიხსნა.

კიდევ ერთი მიზეზი, რასაც აზერბაიჯანული მხარის გაღიზიანება მოჰყვა, თარიღია. 20 იანვარი აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეა, ამ დღეს ქვეყანა 28 წლის წინ ბაქოს შეტაკებებისას დაღუპულებს იხსენებს. ბუღაშენის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თარიღები უბრალოდ დაემთხვა.