თბილისში, ორთაჭალის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა
თბილისში, ორთაჭალის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ბ.ქ. განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 2001 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს, თბილისში, ორთაჭალის ქუჩაზე, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა ბ.ქ.-მ 1989 წელს დაბადებულ დ.მ.-ს და 1988 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ა.მ.-ს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ინციდენტში მონაწილე ა.კ. მკვლელობის და დაჭრის ფაქტს შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ქ. და ა.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.