თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნება
თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნება

თბილისში რიგით მეოთხე ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართება. ორდღიანი ფორუმი, რომელიც დღეს გაიხსნება, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის პლატფორმას წარმოადგენს.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: ნატო-ს საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის მექანიზმები, შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჰიბრიდული გამოწვევები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდები.

ღონისძიების მიზანია სახალხო დიპლომატიის ექსპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. წლევანდელი ფორუმი მასპინძლობს მაღალი დონის ექსპერტებს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, ესენია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ფინეთი.

სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ელჩი თაჯან ილდემი და სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალური წარმომადგენელი ლეა გაბრიელი.

ფორუმში ასევე მონაწილეობენ: სამთავრობო სტრუქტურების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები.

ფორუმით სრულდება საქართველოში მიმდინარე ნატო-ს დღეები, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, წელს უკვე მეთორმეტედ აღინიშნა.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებით, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

ინფორმაციას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

დატოვე კომენტარი