თბილისში ნარკორეალიზების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ამოღებულია 1000-მდე აბი „სუბუტექსი“
თბილისში ნარკორეალიზების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ამოღებულია 1000-მდე აბი „სუბუტექსი“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული მ.კ და 1994 წელს დაბადებული მ.ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც ე.წ „დადების მეთოდით“ გეგმავდნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. სამართალდამცველებმა მათ მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული და ასევე, შესაბამის ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სულ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1000 -მდე აბი სუბუტექსი“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.