თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის ექვსი მოქალაქე დააკავეს
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის ექვსი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის ირანის ექვსი მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის სამი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების ფეხსაცმელების ძირებში დამალული ექვს შეკვრად დაფასოებული ერთი კილო და 120 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

პოლიციელებმა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ სამი მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 647,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გადამალული 290 გრამი ჰეროინი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულიც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ