თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული გერმანიის მოქალაქე ეროვნებით ქართველია
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული გერმანიის მოქალაქე ეროვნებით ქართველია

საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გერმანიის მოქალაქე ეროვნებით ქართველი ლაშა აბზიანიძეა.

პირველი არხის ინფორმაციით, ლაშა აბზიანიძე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ლაშა აბზიანიძე ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში არსებული სეიფიდან, 2644 აბი „ექსტაზი“, 323 აბი „სუბუტექსი“, 400 გრამი კოკაინი, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა“ და 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.