თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება
თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, რომლის შედეგადაც, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მერიის ცნობით, პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა.

„აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.