თბილისში მთავარი ნაძვის ხე და ახალი საახალწლო განათებები 15 დეკემბერს აინთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წელს თბილისს არა მხოლოდ განსხვავებული ფორმატის, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება.
„წელს პირველად მთავარი საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება თბილისის გარეუბნებში. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართება დედაქალაქის სამ რაიონში-გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში.
ასევე მინდა გითხრათ, რომ 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, მთელი თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელშიც ჩვენთან ერთად სიხარულით მონაწილეობენ ბიზნესკომპანიები. სწორედ მათი ჩართულობით, სადღესასწაულოდ მოირთვება ძალიან ბევრი ბაღი თუ სკვერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, წელს მაქსიმალურად შეეცდებიან, არ გადაიკეტოს თბილისის საკვანძო ქუჩები, რათა მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს.