თბილისში მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია „ოქროს რიცხვი“ გაიმართა
თბილისში მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია „ოქროს რიცხვი“ გაიმართა

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია „ოქროს რიცხვი“ გამართა. კონფერენცია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავდა ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაციას, აღნიშნული დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლე-ახალგაზრდობის გამოვლენას, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადებას საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, საქართველოს სკოლებში ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელის შექმნასა და ქიმიის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს 12 რეგიონში ჩატარდა 124 სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდა ხუთასამდე მასწავლებელი. საქართველოს მასშტაბით შექმნილია 321 ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი.

კონფერენციაზე საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ელიზბარ ელიზბარაშვილმა გაწეული საქმიანობა შეაჯამა. კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს როგორც მიღწევებზე, ასევე სამომავლოდ აუცილებლად განსახორციელებელ საქმიანობებზე და კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის წევრი მოსწავლეები და პროექტის მიმდინარეობისას განხორციელებული კვლევითი პროექტების შედეგები, პოსტერული მოხსენებით წარმოადგინეს კონფერენციაზე.