თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1991 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჯ.ს.-ს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო გ.ზ. ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული. ჯ.ს.-ს ბრალი – 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო გ.ზ.-ს ქმედება სამიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში ჯ.ს.-ს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, 1998 წელს დაბადებულ მ.ლ.-სთან. მოგვიანებით ჯ.ს.-მ მას ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მეგობრებთან ერთად ავტომობილით მიაკითხა ანგარიშსწორების მიზნით, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სროლის ფაქტს შეესწრო ბრალდებულისა და მოკლულის საერთო მეგობარი გ.ზ.-ც, რომელმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

სამართალდამცველებმა ჯ.ს. და გ.ზ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.