თბილისში მიკროავტობუსებით ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა იკრძალება, ასევე სავალდებულოა ღია ფანჯრებით გადაადგილება და პირბადეები
თბილისში მიკროავტობუსებით ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა იკრძალება, ასევე სავალდებულოა ღია ფანჯრებით გადაადგილება და პირბადეები

„თბილისის მიკროავტობუსმა“ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის საკითხზე განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 29 მაისიდან სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ 29 მაისიდან სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე, სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

ამასთან ერთად მოგახსენებთ, რომ „კოვიდ-19“ -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზნით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ წინასწარ მადლობას უხდის მგზავრებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისთვის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი 29 მაისიდან ამუშავდება.