თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ვარკეთილამდე დღეიდან „ღამის ავტობუსი“ იმოძრავებს
თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ვარკეთილამდე დღეიდან „ღამის ავტობუსი“ იმოძრავებს

„ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში, დღეიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ „ღამის ავტობუსი“ მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ღამის ავტობუსი“ მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. შემდეგ, „ღამის ავტობუსი“ მარჯვენა სანაპიროს პანდუსით გმირთა მოედანზე აუხვევს, თამარ მეფის გამზირისკენ მობრუნდება და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით, მგზავრებს სტადიონ „დინამო არენასთან“ მიიყვანს. ავტობუსი სტადიონიდან გზას აღმაშენებლის გამზირისკენ განაგრძობს და მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გაჩერდება. ამის შემდეგ, იგი გაივლის მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩებს და მგზავრებს ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაუჩერებს, ხოლო შემდეგ – თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე – „კონკასთან“.

ავტობუსი გადაკვეთს ბარათაშვილის ხიდს და მგზავრებს ევროპის მოედანთან მიიყვანს. იგი გზას გორგასლისა და გულუას ქუჩებისკენ განაგრძობს და აბანოებთან გაჩერდება. ორთაჭალის გავლის შემდეგ, ავტობუსს მორიგი გაჩერებები ექნება დოდაშვილის მოედანზე და მეტროსადგურ „ისანთან“. კახეთის გზატკეცილით, ავტობუსი ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება და მოძრაობას მეტრო „ვარკეთილთან“ დაასრულებს.

საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

თბილისის მერია ავტობუსის გაჩერებების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას:

• მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“;

• ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი“);

• მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა;

ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა;

• სტადიონი „დინამო არენა“;

• დავით აღმაშენებლის გამზირი #106;

• პირველი რესპუბლიკის მოედანი;

• მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“;

• ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. „კონკა“;

• ევროპის მოედანი;

• გორგასლის მოედანი – გორგასლის ქ. #1-თან

• ვახტანგ გორგასლის ქ. #7 – აბანოებთან;

• დოდაშვილის მოედანი;

• მეტროსადგური „ისანი“;

• მეტროსადგური „ვარკეთილი“.