თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სამ კვირაში დასრულდება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები. გარკვეულ მონაკვეთზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტის საფარის დემონტაჟი. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაახლოებით 14 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება გზის საფარი.
„მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება ქალაქის მასშტაბით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არა იმ ტემპით და არა იმ მასშტაბით, როგორც იყო წლის დასაწყისში. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გვიჭირს სამუშაოების წარმოება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, არ გავჩერდეთ, არ გავაჩეროთ ეს სამუშაოები. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს სანაპიროზე, იუსტიციის სახლის წინ, კონკრეტულად მშრალი ხიდის ქვემოთ. გზა, რომელიც იყო ძალიან დაზიანებული, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, „თბილისი ენერჯი“ მუშაობდა და უკვე დაამთავრა თავის სამუშაოები და ქსელი მთლიანად არის შეცვლილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯიარჯი“ ახორციელებს. სამუშაოები სამ კვირაში დასრულდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან რეაბილიტაციაზე 1 130 000 ლარი დაიხარჯება.