თბილისში მაჰათმა განდის ძეგლიდან სათვალე მოიპარეს
თბილისში მაჰათმა განდის ძეგლიდან სათვალე მოიპარეს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვარკეთილში მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს.

„პრობლემა უნდა გაგიზიაროთ, რომელიც პირდაპირ კავშირშია დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებთან და საკმაოდ აზარალებს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას. მხედველობაში მაქვს ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები. რასაც ვაკეთებთ, ეს იქნება ახალი სკვერები, პარკები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, კეთდება ისევ და ისევ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის და ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ ასეთ ფაქტებს საკმაოდ მრავლად ვხვდებით.

როგორც მოგეხსენებათ, 10 ივლისს ვარკეთილში მდებარე სკვერში ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა. უნდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ – მოხსნილია სათვალე. ძეგლს მოპარეს სათვალე. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე. არის ასევე სხვა ფაქტებიც, არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას, მაგრამ სამწუხაროა ეს ყველაფერი. რთულია, მისცე ამ ყველაფერს შეფასება და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსები, რაც ძალიან მძიმეა. მინდა, ყველას ვთხოვო, რომ გვერდით დაგვიდგნენ ამ მიმართულებით. ის, რაც კეთდება ამ ქალაქში, კეთდება ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის, ეს ქალაქი ყველასია და მაქსიმალურად უნდა მოვუაროთ იმ კონკრეტულ პროექტებსა და სამუშაოებს, რომლებიც ხორციელდება, რათა შემდეგ სწორად და კარგად გამოიყენონ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი