თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა
თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

ძეგლი, რომლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, საქართველოს საჩუქრად გადმოეცა ინდოეთის მხრიდან.

ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საქართველოში მაჰათმა განდის ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე.

„დღეს ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოსა და ინდოეთის ურთიერთობების ისტორიაში. საქართველოში ვმასპინძლობთ ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მასთან ერთად გავხსნა ინდოელი ხალხის სულიერი ლიდერის, დამოუკიდებელი ინდოეთის ფუძემდებლის და მსოფლიოში აღიარებული უდიდესი ჰუმანისტისა და პოლიტიკური მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლი თბილისში“, – თქვა დავით ზალკალიანმა თავის სიტყვაში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს, განდის ღირებულებები და ფილოსოფია, ისეთივე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, როგორც ეს წინა ათწლეულების განმავლობაში იყო, რადგანაც საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოების დღის წესრიგში კვლავ არის ძალადობასთან, რადიკალიზმთან, რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები. ასეთ ვითარებაში, უაღრესად აქტუალური დატვირთვას იძენს მაჰათმა განდის მშვიდობისა და ძალადობის არგანხორციელების იდეოლოგიის გლობალიზაცია.

„მოხარული ვარ, რომ დღევანდელი დღე მეტად დატვირთული აღმოჩნდა სასიამოვნო ფაქტებით. დღეს ქართველი ხალხისთვის ისტორიული და უაღრესად სულიერი მნიშვნელობის მოვლენის მომსწრენი გავხდით – ბატონმა მინისტრმა ინდოეთიდან საქართველოში ჩამოაბრძანა და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს პირადად გადასცა გოაში წმინდა ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ერთი ფრაგმენტი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას, თუ პიროვნებას, ვინც ჩართული იყო დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის გადმოცემის პროცესში ინდოეთისა და საქართველოს მხრიდან. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა მადლიერება ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის, ნარენდრა მოდის მიმართებით, ინდოეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებისათვის.

„ეს ფაქტი, ისევე როგორც მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა თბილისში, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების გულითად და ისტორიულად მეგობრულ ხასიათს“, – თქვა დავით ზალკალიანმა.