თბილისში, ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და მეზობლებს შორის დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
თბილისში, ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და მეზობლებს შორის დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, N56-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან, ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და მეზობლებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარე წლის 29 სექტემბერს მოხდა.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს, გვიან ღამით, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისის ეზოში, ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელსა და იმავე ქუჩაზე მცხოვრები ქალის – 1952 წელს დაბადებულ ნ.ი.-ს შორის ხმაურთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც აღნიშნული ქალის ნათესავი – 1983 წელს დაბადებული გ.ფ. შეესწრო. კონფლიქტი, ერთი მხრივ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს – ვ.კ.-ს, თ.ე.-ს, ა.უ.-ს, რ.კ.-სა და მეორე მხრივ, გ.ფ.-ს შორის გაგრძელდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კონფლიქტის შედეგად, გ.ფ. მიღებული დაზიანების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.