თბილისში ლგბტ თემის სამი წარმომადგენლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
თბილისში ლგბტ თემის სამი წარმომადგენლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

„თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერიანიძის ინფორმაციით, გვიან ღამით გლდანში ლგბტ თემის წარმომადგენელ ორ მამაკაცს და ერთ გოგოს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ლგბტ თემის სამი წარმომადგენელი საკუთარ საქმეზე გლდანში იმყოფებოდა, სადაც ქუჩაში ორი ახალგაზრდა, დაახლოებით 19-20 წლის ბიჭები მიუახლოვდნენ და ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ყველა მათგანს დაზიანებები აქვს. უფრო მძიმეა ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა. მათ პოლიციაც გამოიძახეს, რომელიც თავიდან ზედაპირულად მოექცა თემის წევრებს, შემდეგ კი საქმეში ჩვენი ადვოკატი ჩაერთო, ყველა მათგანი პოლიციის შენობაში დაკითხვაზე გადაიყვანეს და დილის საათებში გამოუშვეს“, – აცხადებს ლევან ბერიანიძე.

მისივე ინფორმაციით, ლგბტ თემის წარმომადგენლები დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშიც იმყოფებოდნენ.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, გამოვლენილია ინციდენტში მონაწილე ორი მამაკაცი.

„გამოძიება გრძელდება. დანიშნულია ექსპერტიზები. მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.