თბილისში კონფერენცია „სუფრის ყურძენი - შესაძლებლობები საქართველოსთვის“ გაიმართა
თბილისში კონფერენცია „სუფრის ყურძენი - შესაძლებლობები საქართველოსთვის“ გაიმართა

საქართველოს სუფრის ყურძნის წარმოების პოტენციალის განვითარების მიზნით, მწარმოებლებისთვის კონფერენცია „სუფრის ყურძენი – შესაძლებლობები საქართველოსთვის“ გაიმართა. რეგიონული კონფერენცია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კონფერენციაზე განიხილეს მაღალი ხარისხის სუფრის ყურძნის წარმოება ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის და მოლდოვასა და ცენტრალურ აზიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე ისაუბრეს. შეხვედრას ფერმერები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, თუ საქართველოს ადგილობრივი მოხმარება ზომიერად გაიზრდება, მოლდოვას მთლიანი მოხმარების ნახევარს გაუტოლდება, იმპორტი ჩანაცვლდება და ქართველი ფერმერები დამატებით 5 მლნ. შემოსავალს მიიღებენ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლის სევერიან ღვინეფიძის თქმით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობას ოთხი ქვეყანა – საქართველო, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი იღებენ.

„დღევანდელი შეხვედრა ევრობანკის, FAO-ს და ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა და ემსახურება სუფრის ყურძნის წარმოების ტექნოლოგიების განხილვას სხვა ქვეყნების მაგალითზე. ეს არის რეგიონული პროგრამა, რომელშიც ჩართულია ოთხი ქვეყანა: საქართველო, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ჩვენი სტუმრების გამოცდილების საფუძველზე მოხდება ამ ცოდნის გაზიარება, როგორ განვითარდა სუფრის ყურძნის წარმოება მოლდოვაში და რა შედეგებს მიაღწია ამ ქვეყანამ“, – განაცხადა სევერიან ღვინეფაძემ.