თბილისში კონფერენცია „ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში“ მიმდინარეობს
თბილისში კონფერენცია „ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში“ მიმდინარეობს

თბილისში კონფერენცია „ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში“ მიმდინარეობს.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განიხილება ქალების თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობა, გენდერული სტერეოტიპების ფორმირება, გენდერული მრავალფეროვნების გავლენა სამოსამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის გენდერულად მგრძნობიარე სასჯელის დანიშვნის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

როგორც კონფერენციაზე აღნიშნეს, 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოსამართლეთა საერთო რაოდენობა 306-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 53.3 პროცენტი ქალი მოსამართლეა, მათი წარმომადგენლობა მენეჯერულ პოზიციებზე ბევრად დაბალია. 26 სასამართლოს თავმჯდომარიდან მხოლოდ ოთხი პოზიციაა ქალთა მიერ დაკავებული.

პრობლემის არსებობას ადასტურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე. მისი თქმით, ქალის როლი მართლაც მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებაში.

„ზოგადად თემა და როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემისთვის. ქალ მოსამართლეთა როლი გათვალისწინებულია სასამართლოს სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით. ამ მხრივ სასამართლო სისტემაში ნამდვილად დადებითი ტენდენციაა. დღევანდელი მდგომარეობით, პირველ-მეორე ინსტანციის სასამართლოებში გამწესებულია 294 მოსამართლე, საიდანაც 159 ქალბატონი გახლავთ და 135 მამაკაცი. ნამდვილად რჩება გამოწვევად ის, რომ ლიდერულ პოზიციებზე შესაძლებელია იგივე ბალანსი არ გვქონდეს, თუმცა საბჭო მუშაობს და ეს საკითხები გათვალისწინებულია სტრატეგიით“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კონფერენციას მართავენ ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა – PROLoG და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი – EU4Justice.

დატოვე კომენტარი