თბილისში კლუბ „ორბისა“ და იტალიური საკალათბურთო აკადემიის ერთობლივი კემპი მიმდინარეობს #1TVSPORT
თბილისში კლუბ „ორბისა“ და იტალიური საკალათბურთო აკადემიის ერთობლივი კემპი მიმდინარეობს #1TVSPORT

საკალათბურთო კლუბ „ორბის“ ინიციატივით, თბილისში იტალიური NEXT STEP ACADEMY-ს მწვრთნელები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ქართველ მწვრთნელებთან ერთად 4-დღიანი კემპი ჩაატარეს.

NEXT STEP ACADEMY იტალიური ორგანიზაციაა, რომელსაც საკალათბურთო გუნდები იტალიის ყველა ასაკობრივ ლიგაში ჰყავს. გარდა ამისა, მათი კლუბი იტალიის სერია B-ში ასპარეზობს. ძირითადი გუნდი 20-წლამდე მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

კემპის მიზანი იყო ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათთვის იტალიურ აკადემიაში შანსის მიცემა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის NEXT STEP ACADEMY-ში ოთხი ქართველი კალათბურთელი ვარჯიშობს. იტალიური ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს ნიჭიერ მოთამაშეებს და ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზეც გააქტიურდა.

პეტო როგანოვიჩი (NEXT STEP ACADEMY-ს მთავარი მწვრთნელი):

„ჩვენი მიზანი ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათთვის მაქსიმალურად კარგი პირობების შექმნაა. ჩვენს აკადემიაში ოთხი ქართველი კალათბურთელი ვარჯიშობს. გვსურს, რომ მეტი ტალანტი აღმოვაჩინოთ ამ ქვეყანაში და მათ განვითარებაში დავეხმაროთ“.

თორნიკე გიორგაძე („ორბის“ გენერალური მენეჯერი):

„მიხარია, როდესაც ასეთი დონის აკადემია ჩვენთან ერთად ატარებს კემპს. საქართველოში სკაუტინგი ნაკლებადაა განვითარებული. იმედი მაქვს, რომ კემპის რამდენიმე მოთამაშე მოწონებას დაიმსახურებს და მათ იტალიაში დიდი გზა გაეხსნებათ. იქ ვარჯიშებს უამრავი სკაუტი ესწრება, რომლებიც იტალიურ ტოპ-გუნდებს წარმოადგენენ. ჩვენი მიზანია, კარგი კალათბურთელების გაზრდა, რათა ისინი ჩვენს ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს გამოადგნენ“.