თბილისში ხვალიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლაინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება
თბილისში ხვალიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლაინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა.

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ეს კი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებული, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას.

„თბილისის მერია ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტის ნაკადებს ყოველდღიურად აკვირდება და გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენ მიერ შემუშავებული საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუციკებლობას“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში ხვალიდან, 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლაინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება.

„პანდემიიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან, ანუ დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება. ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნით ესაჭიროება გადაადგილება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში – ე.წ. ბასლაინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ტრანსპორტის მომეტებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.