თბილისში ხვალ ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართება
თბილისში ხვალ ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართება

თბილისში ხვალ, 15 თებერვალს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის „მარტინ პარი თბილისი (Martin Parr Tbilisi) პრეზენტაცია და გამოფენა „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართება.

ღონისძიება „თიბისი გალერეაშია“ დაგეგმილი.

1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფი და პრესტიჟული სააგენტოს „მაგნუმ ფოტოს“ (Magnum Photos) წევრი მარტინ პარი საქართველოს თბილისის მერიის მოწვევით, 2018 წლის ივნისში მესამედ სტუმრობდა. წიგნი მის მიერ თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნა და ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან „პრესტელ პაბლიშინგთან“ (Prestel Publishing) თანამშრომლობით მიუნხენში გამოიცა. წიგნში პარის 2009 წელს თბლისში გადაღებული რამდენიმე ფოტოც შევიდა. წიგნის ტექსტი კი, აკა მორჩილაძეს ეკუთვნის.

ექსპოზიცია „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ „მაგნუმ ფოტოს“ წევრი ფოტოგრაფების მიერ 71 წლის განმავლობაში თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს, ავტორებს შორის არიან ფოტოგრაფები: რობერტ კაპა, ანრი კარტიე-ბრესონი, კარლ დე კეიზერი, ინგ მორატი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი.

ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ 1947 წელს ჯონ სტეინბეკთან ერთად თბილისში მოგზაურობისას გადაიღო. გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს.

საქართველოში ჩამოსვლამდე წიგნისა და გამოფენის პრეზენტაცია ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მთავარ სცენაზე შედგა.

პროექტი თბილისის მერიის მიერ, „თიბისის“ მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის დირექტორი „მაგნუმ ფოტოს“ წარმომადგენელი საქართველოში ეკა ენუქიძეა. ღონისძიების პარტნიორები კი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია არიან.

გამოფენა „თიბისი გალერეაში“ 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

მარტინ პარიმ ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტისა და განსხვავებული ფერების გამო, პარი 1980-იანი წლებიდან ყველაზე წარმატებული და პოპულარული ფოტოგრაფების სიაში მოხვდა და სააგენტო „მაგნუმ ფოტოს“ ერთ-ერთი მთავარი წევრი გახდა.