თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ფიესტალონია ჯორჯია“ გაიმართება
თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ფიესტალონია ჯორჯია“ გაიმართება

თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ფიესტალონია ჯორჯია“ გაიმართება. ფესტივალის გეგმებთან დაკავშირებით, საკონცერტო დარბაზ „გარდენ ჰოლში“ ჟიურიმ დღეს პრესკონფერენცია გამართა.

მიმდინარე წლის პირველი ღონისძიება 26 ოქტომბერს, ილიას ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზ ,,გარდენ ჰოლში“ გაიმართება.

ეს არის კონკურსი ქორეოგრაფიის, ინსტრუმენტული და საგუნდო-ვოკალური მიმართულებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ცხრა ქვეყნის (ჩეხეთი, სლოვაკეთი, საქართველო, საბერძნეთი, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი) წარმომადგენლები. ფესტივალის მონაწილეებს, ქართული კულტურის სხვადასხვა ჟანრის გაცნობა და შესწავლა ევალებათ. კონკურსი ქართული მუსიკისა და ცეკვის სხვადასხვა მიმართულების გაცნობას ითვალისწინებს.

ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება და გალა-კონცერტი 28 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საზეიმოდ გაიმართება.

წელს ქალაქ რუსთავის სამუსიკო ხელოვნებას წარმოადგენს 10 ნომინაცია, რამდენიმე სოლო შემსრულებელი, ჯაზ ორკესტრი და საგუნდო კოლექტივი.

აღსანიშნავია, რომ ,,ფიესტალონია ჯორჯიას’’ პირველ კონკურსში, 2016 წელს, ოთხი გრან-პრიდან სამი საქართველოს წარმომადგენლებმა მოიპოვეს, 2017 წელს ქართველმა არტისტებმა რამდენიმე პირველი ადგილი აიღეს და გამორჩეული ნომინაციების მფლობელები გახდნენ.

ჟიურის შემადგენლობაში არიან ევროპაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების წამყვანი საკონკურსო კომიტეტის ,,ფიესტალონია მილენიოს“ არტ დირექტორი იულია კრუგლიაკი (ესპანეთი), ფეტივალ ,,ფიესტალონია ჯორჯიას“ წარმომადგენელი და ორგანიზატორი საქართველოში ხათუნა ჩარკვიანი, ,,ფიესტალონია ჯორჯიას“ მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორი, აკადემიკოსი მერაბ მამულაშვილი, ქართული ქორეოგრაფიის ისტორიის პედაგოგი, ,,ამაგდარის“ და ,,ბრწყინვალების ორდენის“ კავალერი, დამსახურებული პედაგოგი ნიკოლოზ (კახა) ხერხაძე, ქ.რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახ.ხელოვნების სკოლის მენეჯერი, გუნდის ქორმაისტერი ნათია მთიულიშვილი, ვანო სარაჯიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების თბილისის ფილიალის ხელმძღვანელი ბორის ძნელაძე.

საქართველოს წარმომადგენლები ხშირად მონაწილეობენ როგორც ,,ფიესტალონია მილენიოს“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ესპანეთი, იტალია, ისრაელი, საფრანგეთი, ყაზახეთი, ჩეხეთი, ლატვია) ორგანიზებულ ფესტივალებში, ასევე ,,ფიესტალონია-ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში, სადაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის რეგიონებიდან ჩამოსული ხელოვანების მონაწილეობა ამ ფესტივალის საერთაშორისო სტატუსის გამო.

ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერი დედაქალაქის მერიაა.