თბილისში ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში რჩება, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია
თბილისში ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში რჩება, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია

თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, ხოლო ერთი მცირეწლოვანი ბავშვი კი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ბავშვმა ხანძრის შედეგად კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმეა ერთ–ერთი ქალის მდგომარეობა, რომელიც დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის მამუკა ყირიმელის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად 10 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. დამწვარია 60–70 კვ.მ ფართობი.

“ხანძარი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე იყო. დაახლოებით 60-70 კვ.მ ფართობზე დაკვამლიანება იყო გავრცელებული. ადგილზე მობილიზებული იყო ათი სახანძრო ჯგუფი. ხანძრის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებივ გადაყვანილები არიან საავადმყოფოში. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 65 წლამდე მამაკაცი “,– განაცხადა მამუკა ყირიმელმა.

ამასთან, როგორც დიდუბის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.

თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.