თბილისში, კეკელიძის პირველ ნომერში მცხოვრები ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო
თბილისში, კეკელიძის პირველ ნომერში, კრედიტორსა და ხატიაშვილების ოჯახს შორის მოლაპარაკება შედგა და გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო.
კრედიტორსა და ხატიაშვილების ოჯახს შორის გამოსახლების პროცესთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ხმაურის ფონზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ხატიაშვილების ოჯახის წევრები აცხადებენ, ბინა ბანკში კრედიტის სანაცვლოდ 2008 წელს ჩადეს, 2013 წელს კი საქმეში კერძო მევახშე ჩაერთო. მათივე თქმით, აღნიშნული ბინა კერძო მევახშემ ნულოვან აუქციონზე 2018 წელს შეიძინა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე აღსრულების ფურცელი უკვე მეორე წელია გამოსულია, თუმცა აღსრულება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გამო დღემდე არ მომხდარა.
ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიების, „თავისუფალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტების“ წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ ხატიაშვილების ოჯახს.