თბილისში კავკასიაში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნა
თბილისში კავკასიაში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნა

თბილისში კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნა. ლაბორატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. პრემიერმა ლაბორატორიის მნიშვნელობასა და იმ შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ახალი ლაბორატორია ქვეყანას შეუქმნის.

„ძალიან სასიხარულოა, რომ კავკასიაში პირველად გაიხსნა ასეთი მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილიანი ლაბორატორია. აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები იძულებული იყვნენ, სხვადასხვა ტიპის ტესტები და კვლევები გაეგზავნათ ან თვითონ წასულიყვნენ ევროპულ ქვეყნებში, რათა მიეღოთ ის მაღალი დონის მომსახურება, რაც საჭიროა ასეთი კვლევების დროს. დღეიდან ეს სერვისი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის რეალიზებაში, მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს პროექტი მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო.

„პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მსგავსი ტიპის კვლევები და ტესტები გახდება უფრო ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ამას აქვს უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტი, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გადიოდა ქვეყნიდან, რადგან საქართველოში არ გვქონდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ჩვენი ხედვის ნაწილს, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონისთვის ეკონომიკური ცენტრი, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით და ბუნებრივია, მსგავსი ინფრასტრუქტურა ამაში ძალიან დაგვეხმარება. ამასთან ერთად, მინდა, მადლობა გადავუხადო თვითონ იდეის ინიციატორებს, რომ გაითვალისწინეს სახელმწიფო დამოკიდებულება, ჩვენი ხედვა, რომ განათლება არის ჩვენი ეროვნული იდეა და აღნიშნულ შენობაში იქნება შესაძლებლობა, რომ მომავალმა სპეციალისტებმა გაიარონ პრაქტიკა. აქვე, პირადად ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს დაწესებულება მიიღებს აკრედიტაციას წამყვანი ქვეყნებისგან, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ ლაბორატორიაში ჩატარებული თითოეული ტესტი, თითოეული დოკუმენტი იქნება განსაკუთრებული ვალიდურობის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლაბორატორიის განხსნაზე.

„მეგალაბის“ დამფუძნებლების განცხადებით, ეს არის ლაბორატორია, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, წელიწადში ექვსი მილიონი ტესტის კვლევა განახორციელოს. ლაბორატორია უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი და მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფს დიაგნოსტირებას.

მათივე ინფორმაციით, „მეგალაბის“ ბაზაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად გაიხსნა ციფრული პათოლოგის დეპარტამენტი, სადაც მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება პათო-მორფოლოგიური კვლევები. „მეგალაბში“ პათოლოგიის მიმართულებას, ჰოლანდიაში მოღვაწე ცნობილი პათოლოგი, ალექსი ბაიდოშვილი უხელმძღვანელებს. საქართველოში რთული დიაგნოზების დასმა უკვე მულტიდისციპლინურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი და ამ პროცესში „მეგალაბის“ პარტნიორი, მსოფლიოს ცნობილი ლაბორატორიული ბრენდები ჩაერთვებიან.

„მეგალაბში“ ხორციელდება მოლეკულური, გენეტიკური და მაღალი ხარისხის მიკრობიოლოგიური კვლევები. ლაბორატორიას ერთდროულად შეუძლია საათში 2 000 სხვადასხვა ტესტის ჩატარება.

„მეგალაბის“ პროექტში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ქვეყნის ყველაზე დიდი ლაბორატორია მაღალი ხარისხით შეძლებს საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული კვლევებისთვის მასალების უცხოეთში გაგზავნის საჭიროება აღარ იქნება. „მეგალაბს“ ასევე აქვს შესაძლებლობა, მთლიანი კავკასიის რეგიონს მოემსახუროს, რაც ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობას შექმნის“, – აღნიშნავენ „მეგალაბში“.

დატოვე კომენტარი