თბილისში კარანტინის ერთ-ერთი ზონა კიდევ 85-მა მოქალაქემ დატოვა
თბილისში კარანტინის ერთ-ერთი ზონა კიდევ 85-მა მოქალაქემ დატოვა

თბილისში მდებარე სასტუმრო „ივერია ინნ“-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი კარანტინის სივრცე 85-მა ადამიანმა დატოვა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელი დაუბრუნდენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა სასტუმროში საკარანტინო ზონებს ქმნის და მათ ოპერირებას ახდენს. ამ ეტაპზე საკარანტინო ზონისთვის 72 სასტუმროა შერჩეული, სადაც 4828 ადამიანია განთავსებული. ეტაპობრივად უკვე დაიწყო საკარანტინო ზონებიდან ადამიანების გადაყვანა. საკარანტინო ზონებში ტრანსპორტირება, განთავსება და შემდეგ მომსახურება ხდება უსაფრთხოების ზომების დაცვით და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამ ზონებში ყველა პირობაა, რომ ადამიანმა 14 დღის განმავლობაში თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს. ამ ეტაპზე მთელ საქართველოში 660-მა ადამიანმა დატოვა საკარანტინო ზონა, დღეს ამ ლოკაციიდან 85 ადამიანი დაუბრუნდება ოჯახს, რა თქმა უნდა, ჯანმრთელები და ექიმების დადებითი დასკვნით“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი.

ილია ელოშვილის თქმით, 85 მოქალაქიდან 24-ს თბილისის სამარშრუტო ტაქსები საქართველოს შვიდ სხვადასხვა რეგიონში გადაიყვანენ.

„დღეს კიდევ 85 ადამიანი ტოვებს საკარანტინო ზონას სასტუმრო „ივერია ინნ“-იდან. ეს ადამიანები არიან სრულიად ჯანმრთელი. ვულოცავ მათ და მათ ოჯახებს ამ დიდ სიხარულს. მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც ტურიზმის ადმინისტრაციას ამ პროცესის ორგანიზებისთვის, ასევე, სასტუმრო „ივერია ინნ“-ის ხელმძღვანელობას და პერსონალს, ასევე თბილისის სამარშრუტო ტაქსების ხელმძღვანელობას. თბილისის სამარშრუტო ტაქსები 85 ადამიანიდან 24-ს  საქართველოს შვიდ სხვადასხვა რეგიონში გადაიყვანენ“, – აცხადებს ილია ელოშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასტუმროში აწყობს კარანტინის ზონებს, ასევე კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას უზრუნველყოფს.