თბილისში ისრაელის დამოუკიდებლობის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიების მონაწილეებს ბენიამინ ნეთანიაჰუმ და რუვენ რივლინმა მიმართეს
ისრაელის დამოუკიდებლობის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თბილისში, რუსთაველის თეატრში შეკრებილებს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მიმართეს.
როგორც ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, 70 წლის შემდეგ ისრაელი უფრო ძლიერი და წარმატებული იქნება, ვიდრე დღეს.
„ეს თავისუფლების, დემოკრატიის, უკეთესი მსოფლიოს შექმნის 70 წელიწადია. ისრაელის წარმატება ერთ ღამეში არ მომხდარა. ქალებმა და მამაკაცებმა, სხვადასხვა სფეროდან, ახალგაზრდამ თუ მოხუცმა, ებრაელმა,ქრისტიანმა თუ მუსლიმანმა, რელიგიურებმა და არარელიგიურებმა იმუშავეს მთელი ძალისხმევით, რომ ჩვენი ქვეყანა აეშენებინათ.
მე ვიმოგზაურე მსოფლიოში და ვგრძნობ მათგან უდიდეს დაფასებასა და აღფრთოვანებას ისრაელის მიმართ. მოხიბლულები არიან ტექნოლოგიებით, გამოგონებებით და ისრაელის ნიჭით. ვამაყობ, რომ ისრაელი ეხმარება ლათინური ამერიკის, აფრიკის, აზიისა და მრავალი სხვა ქვეყნის ხალხებს, რომ იცხოვრონ უფრო ჯანმრთელად და უსაფრთხოდ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ,70 წელიწადი ისტორიული გადმოსახედიდან უბრალო თვალის დახამხამებაა და დარწმუნებული ვარ, რომ 70 წლის შემდეგ ისრაელი უფრო ძლიერი და წარმატებული იქნება, ვიდრე დღეს. მადლობას გიხდით მეგობრებო მთელს მსოფლიოში. დაბადების დღეს გილოცავ, ისრაელ!”, -აღნიშნავს ვიდეომიმართვაში ქვეყნის პრემიერი.
ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მთელი ცხოვრება ისრაელის სახელმწიფოს შენებას მიუძღვნა.
„ძვირფასო დებო და ძმებო ისრაელისა და მთელს მსოფლიოში, ზოგიერთი თქვენგანისთვის 70 ძალიან ბევრია, ზოგიერთისთვის ცოტა. თუმცა ყველა ჩვენგანისთვის ეს უდიდესი ზეიმია. ისრაელის სახელმწიფო 70 წლისაა. დღეს არ ვამბობთ მხოლოდ “ხაგ სამეახ” და არც მხოლოდ დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ ერთმანეთს. ჩვენ ვამბობთ “მაზალ ტოვ“, ანუ “გილოცავთ”.
დღეს ჩვენ ვამბობთ “შეეხიანუ ვეკიემანუ ვეჰიგიანუ ლაზმან ჰაზე“. ვეუბნებით მადლობას მათ, ვინც მთელი ცხოვრება ისრაელის სახელმწიფოს შენებას მიუძღვნა. გეუბნებით მადლობას თქვენ, მეგობრებს მთელ მსოფლიოში, სადაც არ უნდა იყოთ. თქვენ ისრაელს ყოველდღე გვერდში უდგახართ და მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც სიცოცხლე შესწირა ისრაელის მიწისა და ხალხის უსაფრთხოებისთვის. მათ უმაღლესი საზღაური გადაიხადეს”,- ნათქვამია ვიდეომიმიმართვაში.
პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს წარმომადგენლები გაკვირვებულები არიან ისრაელის მიღწევების გამო ამ 70 წლის მანძილზე, სამედიცინო, აკადემიურ, სამეცნიერო თუ სხვა მიმართულებით.
„ისრაელი აგრძელებს მსოფლიოს შთაგონებას, ევროპელი ხალხი კი აგრძელებს ჩემს შთაგონებას. 70 წელი დიდი დროა ადამიანისთვის, მაგრამ ცოტა დროა ერისთვის. იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად ისრაელი გააგრძელებს განვითარებას მთელი მსოფლიოს სასარგებლოდ მსოფლიოში. “ხაგ სამეახ” და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი”,-აღნიშნა ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა.
ამასთან, დღეს საქართველოში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა.
„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი ქარხანა პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის.
როგორც ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ასევე რუსთაველის თეატრში ისრაელის 70 წლისადმი მიძღვნილ იუბილეს, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
